სოკრატე, (sokrates) (ძვ. წ. 470/469, ათენი, - 399, იქვე), ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონის მასწავლებელი; ახ. ღმერთების ქადაგებისა და ახალგაზრდობის გარყვნის ბრალდებით ათენის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. სოკრატემ ეს სასჯელიც თავისი მოძღვრების გასამართლებლად გამოიყენა. მარქსმა მას "ხორცშესხმული ფილოსოფიის განსახიერება” უწოდა. სოკრატეს არ დაუტოვებია რამე თხზულება. მისი მოძღვრობა შემონახულია მისივე მოწაფეების თხზულებებში და მთლიანად იგი ძნელი აღსადგენია. სოკრატეს დამსახუერებაა სოფისტების აგნოსტიციზმის დაძლევა, დასაბუთების ინდუქციური წესისა და ცნების ზოგადი განსაზღვრის დადგენა. მისი აზრით, საერთოდ ჭეშმარიტების უარყოფა შეუძლებელია, რადგან ეს თვით უარყოფილი დებულების ჭეშმარიტების უარყოფაცაა. ჩვენი ცოდნის მარად შეფარდებითია. ყოვლისმცოდნე, ბრძენი მხოლოდ ღმერთია. ადამიანი შეიძლება მხოლოდ ფილოსოფოსი, ე. ი. სიბრძნის მეგობარი, მისი მაძიებელი იყოს. ამ ძიების მიზანია ცნების, როგორც ერთეულთათვის ზოგადისა და აუცილებლობის დადგენა. ამოსავალია საკუთარი არცოდნის გაცნობიერება: "მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”. შემეცნება, ანუ სოკრატესეული ინდუქცია, ხორციელდება კითხვა-პასუხის სახეით. კითხვაში აშკარად ჩანს მოცემული ცოდნის მცდარობა და წინსვლის აუცილებლობა. ყოველი პასუხი არცოდნის ახ. დონე იქნება. მოწინააღმდეგის მიერ სრულ ჭეშმარიტებად მიჩნეული წინააღმდეგობის აღმოჩენა ე. წ. სოკრატესეული ირონიის ფორმით ხორციელდება. მართალია პასუხი სოკრატემ თავადაც არ იცის, მაგრამ მისი უპირატესობა ისაა, რომ იცის მოცემული ცოდნის ნაკლოვანება. ნაკლის დანახვა გულისხმობს რაღაც შინაგან საზომს და ნიმუშს, საითკენაც მიისწრაფვის შემეცნება. ამდენად შემეცნება თვითშემეცნებაა ("შეიცან თავი შენი”). შემეცნების მიზანი (ცნება) ყველას თავის თავში აქვს, მაგრამ ბუნდოვნად, რაც ინდუქციამ ნათელი უნდა გახადოს. სოკრატემ გადააფასა რაციონალური ცოდნის შესაძლებლობანი, ყველაფერს მას უქვემდებარებდა. სათნოებაც ცოდნაა, ისევე როგორც სიმამაცე. ბოროტება უცოდინრობის გამო ხდება და თავისთავად არ არსებობს. საბოლოოდ ისიც სიკეთეს ემსახურება. ცოდნას ადამიანისათვის სასარგებლოსკენ მივყავართ. სათნოება ნეტარებაცაა. სოკრატეს ეთიკა ევდემონისტურია. მისი მოძღრებიდან მისმა მოწაფეებმა სხვადასხვა მხარე განავითარეს: კინიკოსებმა გააბსოლუტეს სოკრატეს აზრები სიმდიდრის უმნიშვნელობისა და მოთხოვნილებათა შეზღუდვის თაობაზე; კირენეელებმა სოკრატეს ევდემონიზმის საფუძველზე სიამოვნება ცხოვრების ერთადერთ მიზნად გამოაცხადეს; მეგარელებმა ცნების განსაზღვრის მეტოდი ელეელთა დიალექტიკას დაუკავშირეს; პლატონმა კი სოკრატეს ინდუქციისა და ცნების თეორიის საფუძველზე ობიექტურ-იდეალისტური სისტემა ააგო.
სოკრატეს პედ. იდეებმა გავლენა მოახდინა როგორც ანტ. (პლუტარქე), ისე ახ. დროის (ი. ა. კომენსკი) პედაგოგიკის განვითარებაზე.
No comments:
Post a Comment